სუს-ის ინფორმაციით, 25 ივლისს უკანონოდ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ 25 ივლისს დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მალხაზ ლეჟავა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინვე გაათავისუფლეს.
„გიდასტურებთ, რომ 25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, ლეჟავა გუშინვე გათავისუფლდა. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“, – აცხადებენ სუს-ში.