საგარეჯოს სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა იწყება

ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა. გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
საგარეჯოში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ამჟამად, ქსელის ტესტირება მიმდინარეობს.
შესრულებული სამუშაოები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ერბოწონაშვილმა და დარგის სპეციალისტებმა.
ახალი პროექტით გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი სატუმბო სადგურის მოწყობა, საქლორატორო შენობის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება.
„ამ დროისთვის, საგარეჯოში მიმდინარეობს აშენებული ქსელის ტესტირება. ამასთან, წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა და მალე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ახალი პროექტის ფარგლებში მოხდება მრიცხველების მოწყობა და წყლის რეზერვუარის მშენებლობა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება წყალმომარაგების გრაფიკს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“. – გამნაცახდა გიგა მანდარიამ.
ამჟამად საგარეჯოში არსებული ქსელი ამორტიზებულია და წყლის წნევის რეგულირება ვერ ხერხდება. ასევე, დიდია დანაკარგები, რის გამოც, განსაკუთრებით წყალმცირობის დროს, ქალაქი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის და მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ქალაქში მცხოვრებ 11 000-მდე ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2,939,902 ლარია.
ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია კახეთის რეგიონში ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოები. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების: ჭიაურის, ჰერეთისკარისა და თამარიანის წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა და ქალაქ ახმეტის წყალმომარაგების საქლორატოროს ტექნოლოგიის მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 6,136,745 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები