მიხეილ რამიშვილი – ჩემი მოთხოვნები ექსპერტიზებთან დაკავშირებით აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი საქმეში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, სადაც საქმის საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებოდა, გვიან ღამით დატოვა.
როგორც უფლებადამცველმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ბევრ ჩვენებაზე აქვს ინფორმაცია, რასაც გადაამოწმებს.

„ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოთხოვილი არის ყველა ის მარშუტი, რაც გარდაცვლილმა თავისი მანქანით გაიარა. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემ მიერ იყოს ეს ყველაფერი გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე. რაც მთავარია, რომ ჩემი მოთხოვნები ექსპერტიზებთან დაკავშირებით აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი საქმეში. საუბარია ექსპერტიზების საკმაოდ მოცულობით ჩამონათვალზე, რაც უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზა გარკვეულწილად შექმნის უკვე რეალურ სურათს, მაგალითად, როგორ აღმოჩნდა იქ მანქანა და არის ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი რომელზეც, ჯერ წინასწარ არ გავცემ პასუხს. ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ყველა მერე ამით თავს იზღვევს. მერწმუნეთ ყველას გეცოდინებათ ის, რაც მართლაც თქვენს ინტერესებსაც დააკმაყოფილებს, მაგრამ დაცული ვიქნებით და პირველ რიგში სამართლიანობა აღდგება. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ არა იმ დოზით რომ ამ საქმეს ხელი შეეშალოს“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ასევე, კითხვები არსებობს იმ საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ ხვალ იმ ხუთდღიან ძებნასთან დაკავშირებით მოვითხოვ და დაველოდები რამდენიმე დღეში პასუხს, თუ ეს ხუთი დღე როგორ მიმდინარეობდა ძებნა. კითხვის ნიშნები არ ამოიწურება არასდროს. კითხვის ნიშნები იქნება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდება. ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ოჯახი დარწმუნდება სამართლიანობაში, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ბევრი ადამიანია დაკითხული. ბევრი ნიუანსი მაქვს ნახული, ბევრი ადამიანის ჩვენებების თაობაზე რაღაც ინფორმაციები მაქვს, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავამოწმებ და ბევრ შესაბამისობას ვნახავ. დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზაც. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ დალუქულია, ჩემ მიერ არის ხელმოწერილი. ხვალ დაკრძალვაა და მას მერე მოვალ. ყოველდღე მოვალ დასვენებას, არ ვაპირებ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები