მიხეილ რამიშვილი: ფსიქოლოგიური ზეწოლაც ზემოქმედების ერთერთი ფორმაა და უკვე მკვლელობაში მონაწილეობას ნიშნავს

„თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დამოუკიდებლად ასრულებს. მასზე შეიძლება, ზემოქმედება განახორციელოს ნებისმიერმა ადამიანმა”,- ამის შესახებ გარდაცვილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილმა იმ წერილის შესახებაც ისაუბრა, რომელიც თამარის პირად ნივთებში აღმოაჩინეს, მისი თქმით, გამოძიება კალიგრაფიულ ექსპერტიზას ჩაატარებს.

“ძალადობრივი ქმედება მხოლოდ ფიზიკურად არ ხორციელდება, ფსიქოლოგიური ზეწოლაც ზემოქმედების ერთერთი ფორმაა და უკვე მკვლელობაში მონაწილეობას ნიშნავს, როდესაც ადამიანი უცბად თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. რაც შეეხება წერილებს, გამოძიება ჩაატარებს კალიგრაფიულ ექსპერტიზას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წერილიც არ არის; არის პატარა, ფერად ფურცელზე დაწერილი, რომ გამოიყენეთ ჩემს ანაბარზე თანხა. ვინ უნდა გამოიყენოს, რა უნდა გამოიყენოს, რა პერიოდშია დაწერილი, რომელ ანაბარზეა საუბარი, საერთოდ გაურკვეველია. კიდევ არის რამდენიმე ფურცელი, რომელზეც რაღაც მინიშნებებია, სად უნდა წახვიდე, რაღაც ქმედებები უნდა განახორციელო. როდესაც ვინმეს რამეს უტოვებ, ვინმეს რამეს მიანიშნებ და გინდა, რომ დაემშვიდობო, ტოვებ ისეთ ადგილას, რომელიც მისთვისაც არის ცნობილი. ამიტომ მე ვერანაირად ვერ ჩავთვლი, რომ ეს ე.წ. ანდერძად იყოს მიჩნეული და თვითმკვლელობისთვის საკმარის არგუმენტად. გამოძიებამ თუ ჩათვალა ამისთვის საკმარისად, ეს არის აბსურდი“, – განაცხადა რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები