რუსთავში ორი ახალი საწარმო შენდება

რუსთავში ორი ახალი საწარმო შენდება. აქედან ერთი, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში ფარგლებში, მეორე, კი კერძო ინვესტიციით. პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოსა და სილიკომანგანუმის საწარმოების მშენებლობის პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.
კომპანია ,,ენ-ბი-ალოისი” და შპს ,,პოლივიმი” ახალ საწარმოებს ჭყონდიდელის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში აშენებენ. ორივე ქარხანში ჯამში 350-მდე ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმდება. ,,კომპანია ,,პოლივიმ”-მა რუსთავში პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. საწარმო ნედლეულის სახით მოიხმარს პოლიეთილენ-ტერეფტალატის მეორად ბოთლის გადამამუშავებელ ფანტელებს, ხოლო საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს გამოუშვებს. სინთეზური ბოჭკო გამოიყენება ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში და წარმოადგენს ნედლეულს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, საწარმო პირველ რიგში ეკოლოგიური კუთხით არის საინტერესო- ,,პოლიეთილენის ბოთლების, როგორც ნარჩენის პრობლემა გარკვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთანაა დაკავშირებული, ეს საწარმო მათ გადამუშავებას მოახდენს და მისგან პროდუქციას მიიღებს, რომელიც სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. ვფიქრობ, შესაძლებელია, ერთობლივი კონცეფციის შემუშავება, რომ პოლიეთილენის ნარჩენების აკუმულირება მოხდეს ამ წარმოებაში, რაც პოლიეთილენის ნარჩენის პრობლემას მოხსნის არა მარტო რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც”,- განაცხადა რუსთავის მერმა.
შპს ,,პოლივიმი”, მთლიანდ კერძო უცხოური ინვესტიციით შენდება, რომლის საერთო ოდენობა 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, საწარმოში 150 რუსთაველი დასაქმდება და წელიწადში 800 ათასი ტონა მრავალფუნქციური სინთეზური ბოჭკოს წარმოება მოხდება.
მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და შემოდგომისთვის იგეგმება მეორე ახალი საწარმოს გახსნა. ახალ ფეროშენადრობ ქარხანას კომპანია ,,ემ-ბი-ალოისი” სახელმწიფო პროგრამა – ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიღებული სესხით აშენებს.
,,ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ საწარმო იყოს ეკოლოგიურად გამართული და ამ მხრივ ეს წარმოება სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ფილტრების მონტაჟი მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, წარმოების ამოქმედებამდე მონიტორინგი კიდევ ჩატარდება. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და იმედი მაქვს, ძალიან მალე, აქ იქნება ეკოლოგიურად გამართული საწარმო, სადაც რუსთაველები დასაქმდებიან”,- განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
,,თქვენ ხედავთ, რომ ახლა მომდინარეობს ფილტრების მონტაჟი, ეს მშრალი ფილტრებია და პირობას გაძლევთ, რომ აქ თქვენ ვერავითარ კვამლს ვერ ნახავთ”,- განაცხადა კომპანია ,,ემ ბი ალოისის” წარმომადგენელმა. ბორის ბოსტოღანაშვილმა.
ახალ ფეროშენადრობ ქარხანას კომპანია ,,ემ-ბი-ალოისი” სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიღებული სესხით აშენებს. საწარმო აღჭურვილია ეგრეთწოდებული მშრალი ფილტრებით, რაც სრულად გამორიცხავს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკს. ,,ემ-ბი-ალოისის” ფეროშენადნობი ქარხანა 4 მეგავატიანია და მასში სილიკომანგანუმის წარმოება მოხდება. დღეისათვის, ქარხნის მშრალი ფილტრებით აღჭურვა მიმდინარეობს. ქარხნის გახსნას კომპანიის ხელმძღვანელობა ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს, მასში საწყის ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება, მეორე ეტაპზე, კი დამატებით 100 ადგილობრივი მიიღებს სამუშაო ადგილს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 1 მლ 800 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 1 მლ 500 ათასი ,,აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მიღებული შეღავათიანი სესხია, 300 ათასი კი კომპანია ,,ფლექსო ფუდის” კერძო ინვესტიცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები