რას საქმიანობენ კომპანიები, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ორ კომპანიაში ZAG და SpryFlash მუშაობდა. ამის შესახებ პროფესიული სოციალური ქსელიდან linkedin-დან ირკვევა. თუმცა იმის დადგენა, თუ რას საქმიანობს ზუსტად ორივე კომპანია, მათი პროფილებიდან შეუძლებელია.
დღეს ჭავჭავაძის 15 ნომერში მდებარე ZAG-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა კომპანიის კუთვნილი კომპიუტერები ამოიღეს.
როგორც კომპანია ZAG-ში აცხადებენ, მათ იცოდნენ, რომ თამარს მეორე სამსახურიც ჰქონდა, თუმცა რა კომპანია იყო ეს, მათ ამაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ. კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის თქმით, მათვე ურჩიეს ოჯახს, მედიისთვის შეეტყობინებინათ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ამბავი.
არსებული ინფორმაციით, პროგრამისტმა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილება ხელმძღვანელს მანამ გააცნო, სანამ გაუჩინარდებოდა და ამის მიზეზად სწავლის პარალელურად ორი სამსახურის შეუთავსებლობა დაასახელა.
“შპს “ზეგ” არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს თანამშომლები მუშაობის სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ განცხადება მედიაში მანამ გამოჩნდა, სანამ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს და ცხედარს სამართალდამცველები იპოვიდნენ.
რაც შეეხება კომპანია SpryFlash-ს, როგორც პროფესიული სოციალური ქსელიდან ირკვევა, თამარი კომპანიაში დეველოპერად 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. SpryFlash ავსტრიული კომპანიაა, რომელიც ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის მსგავსად პროგრამურ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს. თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად აქტიურია კომპანია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სიახლე კომპანიის გვერდზე ორი წლის წინ არის გამოქვეყნებული.
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ზუსტ საქმიანობაზე ვერც ოჯახის წევრები და ახლობლების საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი მალავდა სამსახურში რას აკეთებდა.
“სამსახურთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან რაზეც მუშაობდა ეს იყო კონფიდენციალური ამიტომ ვერავის გაესაუბრებოდა ამ თემაზე“,- ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ერთერთი ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.