თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა: კონფლიქტი ყველა ოჯახში ხდება, რამდენადაც მე ვიცი უმნიშვნელო კონფლიქტი იყო
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილ პროგრამისტს გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახში კომფლიქტი მოუვიდა, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს კონფლიქტი უმნიშვნელო იყო.
“კონფლიქტი არ ყოფილა, უმნიშვნელო რაღაც ყველა ოჯახში ხდება, ეს კონფლიქტი შეუძლებელია რომ თამარის დღევანდელ სიტუაციას ეხებოდეს. მეც გაკვრის დონეზე გავიგე, არ იყო ოჯახი ისეთი რომ თამარის მიმართ ისეთი კონფლიქტი ყოფილიყო რომ თამარს ეს გადაეწყვიტა. რამდენადაც მე ვიცი უმნიშვნელო კონფლიქტი იყო, მე ამ ოჯახში არ ვცხოვრობ, მე შორიდან მქონდა კონტაქტი”,- განაცხადა კობა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, ბიძის განცხადებითვე, გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან სამართალდამცველებმა წნევის წამლები ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მანქანა არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის არის სავარაუდო თვითმკვლელობაც, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამ ვერსიას არ ადასტურებენ.