“ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ”
“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა, ფრაქცია “ნაციონალური მოძროაბის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ზუგდიდში კენჭისყრაზე არც უფიქრია. ამასთან კოლეგას ოპოზიციური პარტიიდან ფაქტების გადამოწმებისკენ მოუწოდა.
„ჩემო ძვირფასო ბატონო რომან. “ევროპული საქართველო” არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” ასე მოიქცევა.
ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “პალიტრანიუსის” ეთერში რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ ზუგდიდში გიგი უგულავა კანდიდატურას დააყენებდა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგან პარტია ყველა რეგიონში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.