ქუთაისში ნამახვანის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ – კომპანიის პასუხი აქციის მონაწილეებს
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. “არა ნამახვანის კასკადს საქართველოში!” – ამ ლოზუნგით, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ჰესის მშენებლობა. აქციის მონაწილეები სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
“კომპანიამ არ გაითვალისწინა ჩვენ მიერ გაჟღებული მოთხოვნა, რის გამოც საპროტესტო აქციებს
ვაგრძელებთ. მივმართავთ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ქუთაისის მოსახლეობას, გააცნობიერონ ის უდიდესი საფრთხე, რასაც ეს მშენებლობა შეგვიქმნის”, – თქვეს აქციის მონაწილეებმა.
ნამახვანის კასკადს კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპი” აშენებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, უახლოეს მომავალში კომპანია იზრუნებს პროექტის შესახებ და მის გარშემო არსებულ კითხვებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ინფორმირებაზე.
“კომპანია აცნობიერებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ მაღალ პასუხისმგებლობას და ამავდროულად პროექტისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში კომპანია იზრუნებს პროექტის შესახებ და მის გარშემო არსებულ კითხვებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ინფორმირებაზე. ნამახვანის ჰესების კასკადი 433 მგვტ დადგმული სიმძლავრის და 1,500-მდე გგვტ.სთ წლიური გამომუშავების მქონე სახელმწიფო მნიშვნელობის ენერგოპროექტია. მას საპროექტო კომპანია ENKA Renewables (“ენკა რინიუებლზ“) ახორციელებს, რომელშიც 90% – თურქულ ENKA-ს, ხოლო 10% ნორვეგიულ Clean Energy Group-ს ეკუთვნის. 2019 წლის 25 აპრილს კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშკრულება გააფორმა.
ნამახვანის ჰესების კასკადი ქვედა ნამახვანისა (333 მგვტ) და ზედა ნამახვანის (100 მგვტ) ჰესებისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 28 კმ სიგრძის ახალი გზის მშენებლობა (ნამახვანი-ალპანას მონაკვეთი), რომლის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენს. ჰესების კასკადი 2023 წელს შევა ექსპლუატაციაში. ამჟამად კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წლის აპრილში გაცემული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე ქვედა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.
ინვესტორის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებიდან და უმაღლესი სტანდერტებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების დონე და მათში ჩადებული ძალისხმევა უპრეცედენტოა. კომპანია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა გარემოსდაცვით კვლევებს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს”,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი, პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 60-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორი კომპანია ENKA-ა. იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში, სადაც ამჟამად 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ნამახვანის ჰესების კასკადი მეორე პროექტი იქნება, რომელსაც კომპანია ENKA საქართველოში განახორციელებს. 2014-2019 წლებში კომპანია თავის მრავალწლიან პარტნიორთან, ამერიკულ Bechtel-თან ერთად, British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში.