ბესიკ ამირანაშვილი: სამცხე-ჯავახეთში ყველა წინაპირობაა შექმნილი დამსვენებლებისთვის

ბოლო კვირეების განმავლობაში ადგილობრივი ტურისტების და ვიზიტორების მატება იგრძნობა რეგიონში, ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა “პოსტვ”-ის გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი” განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში 170 სასტუმროა მზად, რომ დამსვენებელს ყველა რეკომენდაციის დაცვით, უსაფრთხოდ უმასპინძლოს.

“სამცხე-ჯავახეთიც არ არის გამონაკლისი, წელს საერთაშორისო ვიზიტორები არ გვყავს და ამან ტურიზმის კუთხით პრობლემები გამოიწვია. მაგრამ, ბოლო კვირეების განმავლობაში ადგილობრივი ტურისტების და ვიზიტორების მატება იგრძნობა რეგიონში. განსაკუთრებით ეს არის პარასკევი, შაბათი და კვირის დღეები. ამ პერიოდისთვის შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმებულია სასტუმროების უმეტესობა და მათ ფუნქციონირების ნება მიეცათ. დღესდღეობით 170 სასტუმროა რეგიონში მზად, იმისთვის რომ დამსვენებელს უმასპინძლოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფასები განახევრებულია ყველა სასტუმროში”,- განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული რეგიონში არსებულ იმ ღირსშესანიშნაობებზეც საუბრობს, სადაც მისვლა და დათვალიერება უფასოდ არის შესაძლებელი.

“რეგიონში გვაქვს უამრავი კარგი ადგილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რაც მნიშვნელოვანია და სანახავია. ყველას მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს, რომ დაათვალიერონ სამცხე-ჯავახეთი. სამწუხაროდ, კარგად არ იციან სხვა რეგიონის წარმომადგენლებმა ჩვენი რეგიონის შესახებ, თუმცა აქ ბევრი მნიშვნელოვანი ადგილია თავმოყრილი. ფასებიც შედარებით დაბალია და მათ ყველა წინა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ეწვიონ სამცხე-ჯავახეთის მხარეს”,- განაცხადა “პოლიტიკურ პოსტის” ეთერში ბესიკ ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის მთავრობამ ახალი პროგრამა “იმოგზაურე საქართველოსთვის“ დაანონსა, რომლის მიზანიც შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შემსუბუქება იქნება.

ახალი პროგრამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა დღეს, 9 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და მინდა თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები