დაბა მანგლისის გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი აირით 1 558 აბონენტი ისარგებლებს

დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ 1 558 აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
.
“დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 მეტრი მკვებავი და მოეწყობა 48 273 მეტრი გაზსადენის ქსელი.

მოსახლეობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას. მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მანგლისის დიდ ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივებს იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამების შესახებ ესაუბრა, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები