ეკატერინე ტიკარაძე: ვფიქრობთ, რომ ლანჩხუთში 140 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დავუკანონოთ

კამპანია „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გურიაში ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 140 ოჯახისთვის დავაკანონოთ ბინები და სახლები, სადაც ისინი დღესდღეობით ცხოვრობენ. ჩვენ გავაცანით ეკომიგრანტებს ის შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ეს არის მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენ ვიცით, რომ გურიის რეგიონი ერთერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონია ამ მიმართულებით. სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ოჯახს, რომელსაც უდგას რისკი, ან სამომავლოდ შეიძლება დაუდგეს, მოვახდინოთ ამ ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წილოსანების ოჯახი ლანჩხუთში აცანიდან გადმოსახლდა, რადგან მათი სახლი მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა. შალვა წილოსანის თქმით, სამინისტრო ბევრ დაზარალებულ ეკომიგრანტს დაეხმარა.

„ამ პირობებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენით შევარჩიეთ სახლი, დამეხმარნენ ესენიც. მეწყერიანი ზონაა, სადაც ვცხოვრობდით, სახლში აღარ იცხოვრებოდა, იქ 80 პროცენტს ასეთი პრობლემა აქვს, ბევრს დაეხმარა სამინისტრო“, – ამბონს შალვა წილოსანი.

ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ეკომიგრანტი ოჯახები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაიამ მოინახულა. მისი თქმით, გურია ერთერთი რთული რეგიონია მეწყრული პროცესების თვალსაზრისით. ნასარაიას განმარტებით, ამ ეტაპზე გეოლოგიური დასკვნის მომზადება მიმდინარეობს.

„გურია ერთერთი რთული რეგიონია მეწყერსაშიში ზონის თვალსაზრისით. ჩვენ სისტემატიურად ვხვდებით კომისიის წევრებს, მიმდინარეობს გეოლოგიური დასკვნის მომზადება და საჭირო დოკუმენტაციის ოპერატიულად გადაგზავნა სამინისტროში, რათა დროულად მოხდეს ეკომიგრანტებისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფა და სახლის შეძენა. დღეს ერთ-ერთ ასეთ ოჯახში ვიმყოფებით, ამჟამად მიმდინარეობს 60 ოჯახის შესწავლა, მათი მდგომარეობისა და დასკვნების მომზადება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დააკმაყოფილონ ეს ადამიანები. დღეს მინისტრთან ერთად შემოვივლით სამივე მუნიციპალიტეტს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს თვითონ არჩევენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 176 ოჯახი განსახლდა. 2020 წლის ბოლომდე კი სააგენტო, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის დამატებით 180 სახლს შეისყიდის.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები