რუსთავში ბოლო წლების ერთერთი ყველაზე  მასშტაბური პროექტი დასრულდა და კოსტავას გამზირი გაიხსნა

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა. ქალაქის ისტორიული ქუჩა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გახსნეს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის გახსნას, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ველორბოლით დაიწყო. ქუჩის გამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში რუსთაველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს. ველორბოლის დასრულების შემდეგ, რუსთაველი ველოსიპედისტების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
“კოსტავას გამზირი არის ძველი ქალაქის ერთერთი ისტორიული უბანი. პროექტის ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მიცავდა, როგორც ფასადების სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ასევე გზის საფარის რეაბილიტაციას, არსებული რეკრეაციული სივცის კეთილმოწყობას. ჩვენს მიერ მოხდა აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა, პროექტის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ერთი წელი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით მოვახდინეთ ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ხედავთ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. ეს ერთ-ერთი ღირებული პროექტია თუ არ ჩავთვლით სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს, რომლის ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქვემო ქართლის რწმუნებულის განცხადებით, რომ არა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, “გაჭირდებოდა ამ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტის სრულყოფილად განხორციელება”.
“ვულოცავ რუსთაველებს ამ მშვენიერი ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებას. ტრადიციულად ლამაზი დღესასწაული მოეწყო დღეს და შესაბამისი მიზეზიც იყო – კოსტავას გამზირი სრულად რებილიტირებულია, რამაც დაამშვენა ეს უბანი და მთლიანად ქალაქი. მე მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ არა მათი მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფა, გაჭირდებოდა ამ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტის სრულყოფილად განხორციელება“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ქუჩა, სადაც რამოდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, დღეს მთლიანად რეაბილიტირებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.
კოსტავას გამზირის რეაბილიტაციით,  ძველი რუსთავის განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, შუაგამყოფ ზოლში არსებული სკვერი, კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე იქნება ქალაქისთვის

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები