ამირან გამყრელიძე: ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალება თუ არ მოგვეცემა, ერთადერთი ნაბიჯია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაგეგმილი ტემპით ვერ მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობამ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა.

გამყრელიძე რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, სამი სოფლის – ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა საჭირო გახდეს.

„სამწუხაროდ, მოსახლეობაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე მოსახლეობას ვთხოვთ, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევების ჩატარება და თვითიზოლაცია რადიკალურად შეამცირებს ინფექციის გატანის რისკს, რადგან ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას  მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა ბაზრობაზე მუშაობს.

„იქნება ეს რუსთავის, ლილოს ბაზრობა, თბილისი, სხვადასხვა ბაზრობები. ამიტომ დიდია და მაღალია ინფექციის გატანის რისკი. სამწუხაროდ, მოსახლეობიდან ეს შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ბრიგადა მუშაობდა ადგილზე, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა ექვსი ბრიგადის საშუალო სიმძლავრე სადღაც 700-დან 1000 ნიმუშამდეა. 350-დან 10 გახლდათ დადებითი, ანუ, იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან, მეტი დამყოლობა, ჩვენ გვინდა, დროულად გამოვავლინოთ ინფექცია და ჩავაქროთ ცხელი წერტილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები