“მჯერა, რომ როგორც აქამდე, ისე მომავალშიც მექნება თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი” – გიორგი ხოჯევანიშვილი
” ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კასპის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კანდიდატად დასახელების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ხოჯევანიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე ყოფნის 2 წელი შეაფასა და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
“პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ახალი გამოწვევაა.
იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე ვმუშაობდი, ჩვენ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი განვახორციელეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოვინახულე ათეულობით სოფელი და პირადად ვხვდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას. რწმუნებულის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან, ჩემი უპირველესი საზრუნავი მოსახლეობის საჭიროებების ახლოდან გაცნობა, მათთან საუბარი და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო. ამით მომეცა შესაძლებლობა საინტერესო ადამიანები, მოტივირებული სტუდენტები, უჭკვიანესი ახალგაზრდები და უბრალოდ, რეგიონის გულშემატკივრები გამეცანით, ვისთან ერთადაც რეგიონის უკეთეს მომავალზე ვმუშაობდი. ჩემთვის ეს ურთიერთობები და თქვენი მოტივაცია ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ შეუცვლელ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებ როგორც მაჟორიტარი დეპუტატიც. რწმუნებულის პოზიციაზე გატარებულ პერიოდში ჩემს მიმართ გამოჩენილი იმ თანადგომისთვის და ერთიანობისთვის თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით. ვიცი, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ერთი დიდი ძალა ვიქნებით, რომელიც ყველა წინააღმდეგობას დაძლევს.
მჯერა, რომ როგორც აქამდე, ისე მომავალშიც მექნება თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი”,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.