სამეგრელოში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 132 პროექტი მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილსა და წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

„რამდენიმე დღეა სამინისტროს გუნდი იმყოფება სხვადასხვა რეგიონში და მართავს მონიტორინგის ტიპის შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამჯერად სამეგრელოში ვიმყოფებით, წელს ეს რეგიონი 53 მილიონ ლარამდე თანხით დაფინანსდა. ჯამურად მუნიციპალიტეტებში ხორციელდება 132 პროექტი, მათ შორის: გზების, წყალმომარაგების სისტემების, ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. ასევე მიმდინარეობს ორი პროგრამა ერთ-ერთია სოფლის მხარდაჭერის, რომლის ხიბლი ის არის რომ თვითონ მოსახლეობა ირჩევს რისი გაკეთება უნდათ საკუთარ სოფელში. ასევე მინდინარეობს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს მოწესრიგებული სივრცე დახვდეთ,” – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ისინი დაათვალიერებენ ყველა იმ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.

„მოვინახულეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე განვიხილეთ სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები. ვიყავით ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, ჩავალთ სხვა რაიონებშიც და დავათვალიერებთ ყველა იმ პროექტს რაც ასე სჭირდება ჩვენს რეგიონს”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

უწყების ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ეწერსა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

„ჩხოროწყუში სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კმ. მანძილზე ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მდინარე ზანაზე ასევე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.

„მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვახას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ასფალტობეტონის გზა.

ასევე მიმდინარეობს ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება 3 069 მეტრი ასფალტობეტონის გზა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილში დიდების მემორიალის ტერიტორიაც დაათვალიერეს. საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და იგეგმება არსებული მემორიალის აღდგენა, სადაც სხვადასხვა ომში დაღუპული მარტვილელების უკვდავსაყოფად მოეწყობა ობელისკი. მემორიალთან ერთად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები