თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყარო+“ იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „წინწყარო+“ წარმოებას აფართოებს. შეღავათიანი აგროკრედიტით საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რაც ყველის წარმოებასთან ერთად რძისა და მაწვნის წარმოების საშუალებას იძლევა. შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს მხოლოდ 1,5%-ის გადახდა უწევს, ხოლო 11%-ს სახელმწიფო ფარავს“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, შპს „წინწყარო+“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა, ყველის წარმოების პროცესს რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა.

„საწარმოში დამატებით 225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია, ბენეფიციარის ინვესტიცია შეადგენს 70,000 ლარს. საწარმო დღიურად 4 ტონა რძეს გადაამუშავებს, ხოლო წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ბრენდით „წინწყარო+“ თბილისის მაღაზიებში ახდენს. საწარმოში 25 ადგილობრივია დასაქმებული. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი გაფართოვდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები