ხმაური მარნეულში – ომაროვების ოჯახი უცხო კაცს სახლში უნებართვოდ შეჭრაში ადანაშაულებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კაფანახჩიში, ომაროვების ოჯახში მთელი დღის განმავლობაში ხმაური და ხალხმრავლობა იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები 15 ივლისს დაკავებული 8 პირის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ნანული ომაროვა „რეგიონულ კვირასთან“ საუბრობს, მამამთილმა რძალს უცხო მამაკაცთან შეუსწრო, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ხეზე მიაბეს. კაცმა კი ოჯახს და ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს უჩივლა.
მისივე თქმით, აღნიშნული მამაკაცი, რომელიც სოფელ ქეშალოში ცხოვრობს, თავად შევიდა ღამის სამ საათზე უცხო ოჯახში.
„ეს ბიჭი მოვიდა ჩვენს სახლში, ჩვენ ხომ არ წავსულვართ მასთან, რატომ დაიჭირეს ჩემი ოჯახის წევრები? მამამთილს გული გაუსკდა და მოკვდა. სიკვდილი ჩვენთან მოვიდა და ისევ ჩვენი ოჯახიდან დაიჭირეს. მასზე არ ყოფილა ძალადობა – არც ყური აქვს მოჭრილი, არც ხელი მოტეხილი, არაფერი არ სჭირს. ეს ფაქტი რომ მოხდა მეორე დღესვე მამამისი მოვიდა და თავის გოგო წაიყვანა. ოჯახი დაინგრა, ჩემი ქმარიც დაჭერილია, რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენთან მოვიდა სიკვდილი და არა იმ ბიჭთან“,- აცხადებს ნანული ომაროვა.
ნანულის განმარტებით, როდესაც მამამთილმა უცხო კაცი დაინახა თავის სახლში გულის შეტევა დაემართა, გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ომაროვა ამბობს, რომ თუ დაკავებულებს არ გამოუშვებენ, სოფლის მოსახლეობა აქციას გამართავს და მეორე სოფლიდან გადმოსულ კაცს პოლიციაში თავად ოჯახიც უჩივლებს.
“რეგიონულმა კვირამ” სოფელ ქეშალოში მცხოვრებ მამაკაცთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოვიდა.
ცნობისთვის, 15 ივლისს ომაროვების რძალთან ურთიერთობის გამო, ოჯახის უფროსმა მამაკაცი ხეზე მიაბა, ინციდენტში ქალის მეუღლე და თანასოფლელებიც მონაწილეობდნენ. დაპირისპირების დროს მამამთილს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. მამაკაცმა რომელსაც ომაროვების ოჯახი სახლში შეპარვაში ადანაშაულებს, პოლიციას მიმართა. ამ დროსთვის მომხდართან დაკავშირებით 8 პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.