შვეიცარულმა ორგანიზაცია IndustriALL Global Union-მა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგა. კომპანიის ხელმძღვანელობამ  ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა ჩამოაყალიბა,“ – ასე აფასებს შვეიცარული ორგანიზაცია IndustriALL Global Union-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი კომპანიის ბოლო პერიოდის საქმიანობას.
შვეიცარულმა ორგანიზაციამ „ჯორჯიან მანგანეზს“ ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია:
„ბატონო ნიკოლოზ და ბატონო თამაზ,
IndustriALL Global Union-ის სახელით, რომელიც წარმოადგენს 50 მილიონზე მეტ მუშაკს 140 ქვეყანაში სამთო, ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობაში, მინდა მოგილოცოთ სოციალური დიალოგის დადებითი განვითარება, რაც საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების მუშაკებმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა ბოლო სამი წლის განმავლობაში.
მოხარული ვარ, რომ ორივე მხარე მონაწილეობს სემინარებში, რომელიც მოიცავს სოციალურ დიალოგს, მათ შორისაა IndustriALL Global Union-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრები და შედეგებზე  ორიენტირებული რეგულარული შეხვედრები. შედეგად, ახალი კოლექტიური ხელშეკრულებების შესაბამისად, გაუმჯობესდა 5,500 მუშაკის სოციალური პირობები და იურიდიული გარანტიები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის სამთო-მომპოვებელ და გადამამუშავებელ ქარხანაში, მათ შორის, წლიური ხელფასების ინდექსაციით, პრემიების შემოღებით, ხელფასის გაზრდით, ზეგანაკვეთური სამუშაოების და ღამის ტარიფების დადგენით და ფასიანი შვებულების დღეების რაოდენობის გაზრდით.
ასევე მოხარული ვარ, რომ კომპანიასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და გადაწყდა, რომ მთავრობისგან მიღებული პირადი საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ნაწილი მოხმარდეს კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ხარჯებს, დარჩენილი თანხები კი განაწილდეს მუშაკებს შორის.
გისურვებთ გააგრძელოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნამდვილი სოციალური დიალოგის შემდგომი განვითარება მშრომელთა და დამსაქმებლის ურთიერთ სარგებლობისთვის.
გარდა ამისა, მე დიდი ყურადღებით ვაკვირდები კომპანიის გარემოსდაცვითი ღონისძიებების მცდელობებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას, მათ შორის მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიწის მოსწორება-აღდგენა, მაღალი ხარისხის ჰაერ-გამწმენდი სისტემების და ჰაერის მონიტორინგის სადგურის მონტაჟი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, ჭიათურის ქუჩების ყოველდღიური დასუფთავება და მორეცხვა დაბინძურების შესამცირებლად, საგზაო ტრანსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება და რკინიგზით სარგებლობის გაზრდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან და ჭიათურის სამთო და გადამამუშავებელი ქარხნიდან მადნის ტრანსპორტირების მიზნით.“ – ნათქვამია წერილში.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა ის, რომ IndustriALL Global Union-ის შეფასება ამდენად დადებითია.
„მინდა IndustriALL Global Union-ის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს გამოხატული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადო. მიმაჩნია, რომ გასული წლების განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზსა“ და საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებს სწორი მიმართულებით განვითარების გზა ჰქონდა არჩეული. ეს ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა!
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ პროფკავშირებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ორი მხარის ერთობლივად მუშაობამ ბევრი მიმართულებით ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.
კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მუშაობის შედეგად, მართლაც გაუმჯობესდა ჩვენი დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობები.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, პროფკავშირებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და სოციალური დიალოგის შემდგომი განვითარება კვლავ გააგრძელოს.“ – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, მათ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნეს, რომლის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება.
„ამაყები ვართ, რომ ჩვენ IndustriALL Global Union-ის წევრები ვართ. ამ ორგანიზაციის ყველაზე მთავარი ფასეულობა არის ხარისხიანი სოციალური დიალოგი, რომელიც ურთიერთობებზე და მის შედეგებზეა გათვლილი.
IndustriALL Global Union-ის სასწავლო პროგრამების დიდი ნაწილი ეთმობა იმას, რომ მუშაკებს კოლექტიური მოლაპარაკებები ასწავლოს და კომპანიასთან მიმართებაში აგრესია ნაკლებად იყოს, პრიორიტეტული კი მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესი გახდეს. ორგანიზაცია მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ორმა მხარემ ურთიერთობების უმაღლეს ფორმაში აყვანა შევძელით. ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად არაერთი პლატფორმა შევქმენით და ამ პლატფორმის განვითარებაზე ვზრუნავთ.
ვულოცავ „ჯორჯიან მანგანეზს“ წარმატებას და ჩვენც ასევე დიდი სიამაყით ვიღებთ ამ წარმატებას. IndustriALL Global Union-ის  მიერ ჩვენ მიმართ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულეთ და ამან ორ მხარეს შორის სოციალური დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.“ – აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.
შვეიცარული ორგანიზაცია IndustriALL Global Union-ი, რომლის სათაო ოფისიც ჟენევაშია, სამთო, ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობის დარგებიდან 140 ქვეყანაში  50 მილიონზე მეტ მუშაკს აერთიანებს.
IndustriALL Global Union-ი, უპირველეს ყოვლისა, თანამშრომლობს არაერთ მსხვილ კორპორაციასთან და მათთან მოლაპარაკებებს გლობალურ დონეზე აწარმოებს.
IndustriALL Global Union-ი იმ ახალი ეკონომიკური და სოციალური მოდელისთვის იბრძვის, რომლისთვისაც ადამიანი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები