როგორ აღნიშნავენ ეთნიკური უმცირესობები “ვარდავარის” დღესასწაულს ახალციხეში

ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „ვარდავარის“ დღესასწაული აღნიშნეს. ტრადიციულად, ისინი საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, შემდეგ კი ერთმანეთი წყლით გაწუწეს. სამცხე-ჯავახეთში, სადაც სომეხი ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება. ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა ტრადიციებს არც წელს უღალატეს და სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა დილის 10 საათიდან დაიწყეს.

“ახალციხისთვის ეს დღე კარგად ცნობილია. სომეხი თემი განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის. დღესასწაულში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, განურჩევლად ეროვნების, სქესის და ასაკისა. ყოველ წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიაც აღევლინება ხოლმე. ჩვენ ამ დღესასწაულს ვართევორს ვეძახით”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” რობო მინასიანმა.

სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ტრადიციად ქცეული წუწაობის რიტუალი ახალციხის ქუჩებში გაგრძელდა.

“სომხურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის “ვარდავარი” ზაფხულის ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც ათასწლეულების ისტორია აქვს. გამოვდივართ ქუჩაში წყლით სავსე სათლებით და ვწუწაობთ. აუცილებელია მანქანასაც გადაასხა, გამვლელებს ყველას ვასხამთ წყალს”,- ამბობს რობო.

წარმართულ სომხეთში, “ვარდავარი” სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს – ასტღიკს უკავშირდებოდა.
ქრისტიანობის მიღების შემდგომ კი დღესასწაულმა სახე იცვალა, მაგრამ შეინარჩუნა თავისი არსი.

“ეკლესია მას ფერისცვალების დღესასწაულს უკავშირებს, რომელიც სახარების თანახმად, თაბორის მთაზე მოხდა. ამ დროს, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად ავიდა მთაზე და ნათლით შეიმოსა, ფერი იცვალა. სახარებაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სამოსი გასხივოსნებული იყო.
სწორედ ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს”,- აცხადებს “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ “ვარდავარი” მოძრავი დღესასწაულია, რომელსაც სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან 98–ე დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები