ბორჯომის მერიამ “საპატიო ბაკურიანელი” გამოავლინა
ბაკურიანელ ვეტერან მოთხილამურეებს, რიმა ბანდურს და ვალოდია მურჯიკნელს ,,საპატიო ბაკურიანელის” წოდება მიენიჭათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“ვალოდია მურჯიკნელი პირველი თაობის ცნობილი მოთხილამურეა.
რიმა ბანდური სამთო სათხილამურო შეჯიბრებებში, საქართველოსა და საკავშირო ასპარეზობების მრავალგზის პრიზიორი.
ასევე, ცნობილ ქართულ ფილმში ,,ყვავილი თოვლზე” ჯულიეტა ვაშაყმაძის დუბლიორია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ სხირტლაძე, ვეტერან სპორტსმენებს სახლში ესტუმრნენ. დავით ზაალიშვილმა, მათ სამკერდე ორდენთან ერთად საჩუქრები პირადად გადასცეა, დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა უსურვა.
,,ვგეგმავდით, რომ ,,საპატიო ბაკურიანელის” დაჯილდოება ღონისძიების ფარგლებში ჩაგვეტარებინა, თუმცა კორონა ვირუსის პანდემით გამოწვეული შეზღუდვების გამო ღონისძიების ჩატარება ვერ შევძელით,”-განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
,,საპატიო ბაკურიანელი” ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვით შეირჩა.