ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი მოინახულა
ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი მოინახულა და თანადგომა გამოუცხადა.
გაფრინდაშვილმა ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები და ზაზა გახელაძის დაჭრის ფაქტი გააპროტესტა.
„დღეს ჩამოვედით გახელაძეების ოჯახთან , რათა ოჯახს გამოვუცხადოთ თანადგომა. იმ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ეს ოჯახი იმყოფება, ჩემს ოჯახს გავლილი აქვს საკმაოდ მწვავედ და კარგად იციან თუ რა არის საჭირო , რომ სამართალმა გაიმარჯვოს. პირველ რიგში, საჭიროა გვერდზე დგომა ამ ოჯახისა და არა მხოლოდ ზაზასი, არამედ ყველა იმ ადამიანისა, ვინც ახლა დაკავებულია. ზაზას შემთხვევა გაუგონარი იყო,ბოლო ათწლეულებია ასეთი რამე არ მომხდარა. ჩვენი ყველას მიზანია , რომ ზაზამ თავი არ იგრძნოს მარტო და ეს მიზანი ამოძრავებს ყველას, დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული რიგით მოქალაქემდე“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა .
„მაგას არ გაბედავდა, რომ მესაზღვრეს თავს დასხმოდა, სროლა აეტეხა და თუ აუტეხა სროლა და თავს დაესხა, ფრჩხილიც არ მოტყდა ამ მოსაზღვრეს, მითუმეტეს, რომ ფიზიკურად ჯანმრთელია. მაინც არაფერს არ ვდაობთ, ჩვენი შვილი მოგვცენ, ჩვენი ხომ არის დაჭრილი, ჩვენ მივხედავთ, იმ მთავრობას მარტო იმას ვთხოვთ, რომ ჩვენი შვილი მოგვცენ“, -განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.
შეგახსენებთ , რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ სამართალდამცავებმა დაკავებულ ზაზა გახელაძეს ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს . რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია, ზაზა გახელაძის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრალდებები არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი. პროცესში ჩართულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვის მიმართულებით”,- ნათქვამია სუს- ის განცხადებაში.
ცნობისთვის , ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს ე, წ ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკავეს .