ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ გზაზე ავტროტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. მაგისტრალი პრემიერმა გიორგი გახარიამ გახსნა.
“ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი აღმოსავლეთ – დასავლეთის. ამ გზაზე ყველას გვივლია, უაღრესად სახიფათო გზა იყო, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად გურიის ეს მონაკვეთი უნდა დავასრულოთ. ეს გზა დღეს გაიხსნება, ამის გარდა პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე და მას შემდეგ რაც, ქუთაისის შემოვლითი მთლიანად დასრულდება, ლანჩხუთამდე გვექნება სრული მაგისტრალი გახსნილი. რომელიც პირველ ყოვლისა, არის უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი პროექტი, ამ წლის ბოლომდე, ამ მაგისტრალის 70 კმ ახალი მონაკვეთები გაიხსნება. ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ადგილი არის ახლა რიკოთზე მიმდინარე სამუშაოები. იქ ცოტა უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა შესაძლებელი იქნება აბსოლიტურად თანამედროვე მაგისტრალით”, – განაცხადა პრემიერმა.
ახალი 4-ზოლიანი გზა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.
საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
პროექტი, საერთო ჯამში, 18.5 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს.
“ჩვენ დღეს გავხსენით ჯაპანა – ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც არის სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი, მთლიანობაში წელს ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი წელია. ჩვენ ერთ წელიწადში ვხსნით 70 კილომეტრ ახალ, საერთაშორისო მაგისრტალს. ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე მას დაემატება კიდევ 23 კმ, 14 კმ ამ მონაკვეთზე. ზაფხულის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ ხაშურის შემოვლითი გზის გახსნას. 70 კმ არის რეკორდული მაჩვენებელი, ეს კეთდება იმისთვის, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ ვიმგზავროთ. ამ ტიპის მშენებლობა არის აუცილებელი და მიუხედავად კოვიდის გამოწვევებისა, არცერთი ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა”, – ამბობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
რწმუნებული გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაია ამბობს, რომ უმთავრესად ახალი მაგისტრალი მგზავრობის დროს შეამცირებს.
“გაიხსნა ოთხზოლიანი, მაღალი სტანდარტების საავტომობილო გზა, ერთია ის, რომ ამით შემცირდა გადაადგილების დრო, მეორე ის, რომ შვიდ დასახლებულ პუნქტს აერიდა მასობრივი გადინება ავტომობილების, რაც მოსახლეობისთვისაც სასარგებლოა. მათ არაერთხელ დააყენეს ეს საკითხი, რომ გადატვირთულიყო მოძრაობა და დღეს უკვე ყველა ჩვენი მოსახლე, რომელიც ამ 7 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს, შეღავათია ის, რომ ამ საავტომობილო გზის გახსნით განიტვირთა ცენტრალური გზა, რომელიც აკავშირებდა ჯაპანას ლანჩხუთთან”, – განაცხადა ნასარაიამ.
ცნობისთვის, მაგისტრალის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი 254 მილიონ ლარით აფინანსებს.