აქცია ოზურგეთში – მოსახლეობა ალუმინის მწარმოებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს
ინდური კომპანია შპს “არერსა მეთალი” ოზურგეთში, მეორადი ნედლეულისგან ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობას აპირებს, აღნიშნულ საწარმოზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა წარმოადგინა. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე, რომელიც ექადიის უბანს ესაზღვრება, საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, სკოპინგი არ ყოფილა, შესაბამისად, დასკვნა მათთან შეთანხმებული არ არის.
“რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის და არაა სასარგებლო, ისეთ რამეს ნუ გააკეთებენ. არანაირი ალუმინის საწარმო. ჩვენთან არავინ არ ყოფილა მოლაპარაკებაზე. არ გვინდა მოღალატე ხალხი აქ, თბილისის მთავრობა არ გვინდა, ადგილობრივი მთავრობა უნდა გვეპატრონოს. თუ არ გვეპატრონებიან, ავჭედავთ იმ კარს და არ შევუშვებთ არავის. არავინ ყოფილა, სკოპინგი არ გამართულა მოსახლეობასთან. პანდემია მოიმიზეზეს და ამის ფონზე თვითონ მოამზადეს დასკვნა”, – აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე და ადგილობრივი ნუგზარ ასათიანი ამბობს, რომ აქცია აპოლიტიკურია და მათი მთავარი მოთხოვნა ტოქსიკური საწარმოს მშენებლობის აკრძალვაა.
“ეს არის არაპოლიტიკური აქცია, ექადიის მოსახლეობა აპროტესტებს ნარჩენებისგან ალუმინის ნაწარმის მისაღები ქარხნის მშენებლობას. ეს საწარმო არის ტოქსიკური, არის საშიში ჯანმრთელობისთვის. მოსახლეობას აქვს ძალიან მწარე გამოცდილება. წლების განმავლობაში კომპანია აქ ასხამდა ტყვიას უნებართვოდ. შემდეგ აქ აპირებდა ქარხნის აშენებას. მოსახლეობამ მაშინაც იბრძოლა და ვერ შეძლეს ამის გაკეთება. მათი მოღვაწეობის შედეგად, მდინარე ბჟუჟი საქართველოში ყველაზე მძიმედ დაბინძურებული მდინარეა. ამის შესახებ კვლევები არსებობს, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვეს. მოსახლეობა ფიქრობს რომ ეს არასაიმედო ორგანიზაციაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სკოპინგის ანგარიში, რომელიც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა, მოსახლეობასთან განხილვის გარეშე ჩატარდა, მოტივაცია იყო ის, რომ თითქოს პანდემია იყო და საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, შეეძლოთ შეხვედროდნენ ათკაციან ჯგუფებს და მოემზადებინათ მათთან ერთად”, – აცხადებს ადგილობრივი, ნუგზარ ასათიანი.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “ეკოს” თავმჯდომარე, ირმა გორდელაძე. მისი თქმით, მჭიდროდასახლებულ ტერიტორიაზე ქიმიური საწარმოს აშენება არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვისაც საზიანო იქნება.
“ამ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ქიმიური საწარმო არ უნდა აშენდეს. თანაც გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი მწვანეს უნთებს კომპანიას და აძლევს სკოპინგის დასკვნას, ისე რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, ეს არის დანაშაული. პანდემია არ არის მიზეზი. ამიტომ ჩვენ არასამთავრობოები ამ საქმეს მივცემთ მსვლელობას, საიას გადავცემთ და ამ უკანონობას აღმოვფხვრით მოსახლეობასთან ერთად. ააშენონ სხვა ადგილას”, – ამბობს ირმა გორდელაძე.
აქციას ექადიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძეც შეუერთდა, ის ადგილობრივების პროტესტს იზიარებს და მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, მოსახლეობის ეს პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ ექადიის ტერიტორიაზე აპირებენ ალუმინის ქარხნის მშენებლობას. მიმაჩნია, რომ პროტესტი მართლაც სამართლიანია, რჩება ეტაპი ხელისუფლების მოლაპარაკებისა საწარმოს წარმომადგენლებთან, რომელიც აუცილებლად შედგება ამ ორი კვირის განმავლობაში და ამ მოლაპარაკების შედეგებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მოსახლეობის პროტესტი სამათლიანია”.
აქციაზე არ გამოჩენილან კომპანიის წარმომადგენლები.
მოსახლეობა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.