რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ მოაწერეს ხელი. შეხვედრას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძეც ესწრებოდა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რუსთავის მუნიციპალიტეტი, გარემოს დაცვის საკითხებზე არსამთავრობო ორგანიზაციებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
,,გარემოს დაცვის საკითხებზე ქალაქში არის გარკვეული გამოწვევებიც და ძველი პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც, ერთ-ერთი პრიორიტეტულია, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე რუსთავის მოსახლეობისთვის. ჩვენ გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელშიც არის გარკვეული ვალდებულებები, როგორც ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმასთან, ასევე საწარმოების მიერ ნარჩენების მართვის და გარემოზე ზემოქმედების კუთხითაც. ვფიქრობთ, რომ უფრო გავამყაროთ ურთერთობა და საერთაშორისო ორგანიზაციების იმ საგრანტო კონკურსებშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომლებიც ჩვენი ქალაქის გარემოსა და ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ეს მემორანდუმი, გარემოს დაცვით ღონისძიებებში სამრეწველო პოტენციალის ჩართვის საწყისი ეტაპია. ,, ეს მემორანდუმი არის საწყისი იმისა, რომ უნდა ითანამშრომლოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტმა და სამოქალაქო სექტორმა, არამედ ამ პროცესში, ჩაერთული უნდა იყოს რუსთავის მთელი სამრეწველო პოტენციალი. ვგეგმავთ საკმაოდ საინტერესო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას როგორც ნარჩენების, ასევე წყლისა და ნიადაგის დაცვის, ასევე რუსთავის გამწვანებისა და გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ჩხობაძემ.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ერთობლივ გატარებას, გარემოს დაბინძურებისა და რისკების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებას, ასევე მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მონიტორინგს და სრულყოფას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები