რუსთავს კიდევ ერთი ენერგოეფექტური ბაღი ექნება
32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. სამუშაოებს კომპანია ,,ემ ლაინი” ახორეციელებს. დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კომპანია ემ ლაინის დირექტორმა გიორგი კობიძემ, მიმიდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პროექტის- ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება” ფარგლებში, სკანდინავიურმა გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაციამ ( NEFCO) გამოუყო საქართველოს მთავრობას.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსადაცვითი პარტნიორობის ფონდი,(E5P) რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა საინვესტიციო და ასევე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი. პროექტის საწყისი საერთო ღირებულება 500 000 ლარია.
,,პროექტი, რუსთავის #32 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ აღჭურვას ითვალისწინებს. მოხდება შენობის სრული დათბუნება და გათბობის სისტემის მონტაჟი, რაც საშუალებას მოგვცემს ენერგორესურსები მნიშვნელოვნად დავზოგოთ. ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების კუთხით მუშაობა რუსთავის მუნიციპალიტეტს დიდი ხანია დაწყებული აქვს ,,მერების შეთანხმების” ფარგლებში. სულ ცოტა ხნის წინ, აღნიშნული შეთანხმების 2030 წლამდე გახანგრძლივებას მოვაწერეთ ხელი. შეთანხმება მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავში, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია სამ საჯარო ბაღში უკვე განხორციელებულია, რომელიც „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტი იყო.
რუსთავი ,,მერების შეთანხმების” წევრი ქალაქი 2011 წელს გახდა, შეთანხმება 2020 წლამდე, CO2-ის ემისიის 20 %-ით შემცირებას და სხვადასხვა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას ისახავდა მიზნად. რუსთავი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელმაც ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული- 2020 -ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე, – „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა”, ხელი მოაწერა ახალ ინიციატივას, ,,მერების შეთანხმების” 2030 წლამდე გახანგრძლივების და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების ახალი გეგმის შემუშავების თაობაზე. ენერგოეფექტურობის პრინციპების დაცვით მიმიდნარეობს 34-ე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც რუსთავში.