„ჯორჯიან მანგანეზმა“ სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო
„ჯორჯიან მანგანეზმა“ სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო. “კაციტაძეები 1”-ის კარიერის მთლიანი ფართობი, რომელიც ამ ეტაპზე ტექნიკურ რეკულტივაციას ექვემდებარება, 8,4 ჰექტარს შეადგენს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკულტივაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი დასრულება, დაახლოებით, 10 დღის ვადაში იგეგმება.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება ჭიათურის რეგიონში და მთლიანად „ჯიემში“ ერთ-ერთი მთავარი საქმე და მიზანია. კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 130 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია მოახდინა, მათ შორის, გარკვეული ნაწილის ბიოლოგიური რეკულტივაცია. აღნიშნული პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, სანამ ძველი პირობები და დაზიანებული ნიადაგი არ გაუმჯობესდება. ასევე, რა თქმა უნდა, თანმდევი პროცესია ახალგადახსნილი ნიადაგების აღდგენა და პირვანდელ სახემდე მიყვანა. წლების განმავლობაში ტერიტორიებზე რეკულტივაცია არ ხდებოდა, სამუშაოები ქაოტურად მიმდინარეობდა, ბოლო სამ წელიწადში კი სარეკულტივაციო სამუშაოები ძალიან დიდ ტერიტორიაზე განხორციელდა“, – აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
„ტექნიკური რეკულტივაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მიწის ბიოლოგიური რეკულტივაციისთვის მომზადება დაიწყება, ტერიტორია შემოიღობება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე ის გამწვანდება. გასულ წელს ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები საერთო მასშტაბით 50 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განხორციელდა, მათ შორის, რგანში 27-ე კარიერი, ე.წ. საბუეს კარიერის ტერიტორია, თურმანაულის კარიერი და ა.შ. წელს უკვე ორი პროცესი იქნება პარალელურად – ერთი არის ასევე 50 ჰექტარი დამატებით ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია, ხოლო შემოდგომაზე წინა წელს ტექნიკურად რეკულტივირეულ ფართებზე გამწვანება და ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოების ჩატარება“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორი, ირაკლი ნოზაძე.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც, სახელმწიფოს წინაშე აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულების ფარგლებში, გეგმურად ასრულებს.