შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და “ქურდული სამყაროს” წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მ.გ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, “ქურდული სამყაროს” წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ხსენებული “ქურდული გარჩევის” ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა. მ.გ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.