დასეტყვილი ვენახები, დანგრეული სახლები – თელავში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე ხელისუფლება იმსჯელებს

ცენტრალური ხელისუფლება კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ვენახების იმ მეპატრონეების დახმარებაზე იმსჯელებს, რომლებიც აგრო დაზღვევით არ სარგებლობენ. ინფორმაცია ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
“სამწუხაროდ, გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა იმ ფერმერებისა და მევენახეებისა, რომლებიც არ სარგებლობენ სადაზღვევო კომპანიებით. დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამოჩენილი.
ვიწყებთ და ვაწარმოებთ დეტალურ შესწავლას თითოეული ფიზიკური პირის და მისი სასოფლო-სამეურნეო სავარვულების რაოდენობისა და მოსავლის შესახებ, ინფორმაცია სტიქიის შედეგებზე რამდენიმე დღეში იქნება დაზუსტებული, რის საფუძველზეც მთავრობას ექნება საშუალება მიიღოს შემდგომი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დილიდან მუშაობენ და მოსახლეობას ფიზიკურადაც ეხმარებიან.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოაგილემ, დავით ბეგიაშვილმა “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, იმ მოსახლეობას, რომელთა სახლებზეც სახურავი სრულად გადახადა, კარვებს შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე დაურიგებენ.
“იმ მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს, რომლებიც სტიქიისას დაზარლდა, არის სახლები, რომლებსაც სრულად გადახადა სახურავი, ასეთ ოჯახებს უახლოეს დღეებში, სანამ შესაბამისი სამუშაოები არ დაიწყება, დაურიგდებათ კარვები”, – განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, სტიქიამ გუშინ, გვიან ღამით კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტი დააზარალა, ყველაზე მეტად კი თელავი და ყვარელი.

ამ დროისთვის 20-ზე მეტ სოფელში 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ძირითადად ვენახის ფართობებია დაზიანებული, სეტყვამ და ქარბორბალამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა და მოგლიჯა მრავლწლოვანი ხეები. უფრო ვრცლად რა ზარალი მიიღო მოსახლეობამ და როგორ დაეხმარება მათ ხელისუფლება ნახეთ “რეგიონული კვირის” სიუჟეტში.

სალომე გრძელიშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები