4 მასშტაბური პროექტი, რომლებიც ადგილობრივების აზრით, ფოთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – “რეგიონული კვირის” სიუჟეტი

საპორტო ქალაქ ფოთში ინფრაქსტურტურული პროეტქების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. „რეგიონული კვირა“ ოთხ მასშტაბურ პროექტს გაგაცნობთ, რომლებიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფოთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში, რომელსაც სრული რეაბილიტაცია უტარდება, მომავალი წლიდან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. ახალი სასწავლებელი 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი და აკადემიაში 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი დასაქმდება. პროექტის ღირებულება 5 876 164 ლარია. სამუშაოებს შპს “დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის ტერიტორიაზეც. გასულ წლებში თუ ეს ადგილი სრულად დაჭაობებული იყო, მომავალი წლიდან ფოთის მოსახლეობას ევროპული სტანდარტის შესაბამისი საცურაო კომპლექსით სარგებლობა შეეძლება. კომპლექსის მშენებლობა დასრულების ფაზაშია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება ფოთის ცენტრალურ სტადიონსაც, სადაც მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტის მიხედვით, შენდება სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ ასრულებს.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით მუნიციპალიტეტში განხორციელდა – ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობაა.
პროექტის ფარგლებში ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი მოეწყო, განათებით, ტრიბუნებითა და ადმინისტრაციული შენობით.
სამშენებლო სამუშაოები კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენ”-მა განახორციელა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარია.
ქალაქ ფოთში მასშტაბური პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის დასრულება, რომელიც „რეგიონული კვირის“ ობიექტივში მოხვდა მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები