“როდესაც ვიცი საზღვრებს მიღმა ჩემი დამზადებული ჭიბონი აჟღერდება სიამაყით ვივსები“ – აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი მეჭიბონეს ისტორია
გუდასტვირის ერთერთი სახეობა ჭიბონი, რომელიც საუკუნეების წინ მთელს საქართველოში იყო გავრცელებული, მაღალმთიან აჭარაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. “რეგიონული კვირა“ მაღალმთიანი აჭარის სოფელ დანდალოში ყველასათვის ცნობილ და მოთხოვნად მეჭიბონეს ესტუმრა და მის მიერ ხელით დამზადებული ჭიბონების ჟღერადობა მოისმინა.
დემურ არძენაძე ჭიბონებს 12 წლიდან ამზადებს. “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას სიამაყით ამბობს, რომ წინაპრებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. დღეს კი თვლის, რომ რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი მეჭიბონეა, თავისი დამზადების ტექნოლოგიითა და ხარისხიანობით. ხელოვანი საკრავს თხის ტყავისგან ამზადებს. ინსტრუმენტის კარგი ჟღერადობისთვის, აუცილებელია ცხოველი ასაკით ერთი წლის და თეთრი შეფერილობის იყოს.
“ჭიბონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან – გუდისა და სტვირებისაგან. ზოგადად გუდა მზადდება, როგორც თხის, ასევე ცხვრის ტყავისაგან, მე პირადად თხის ტყავს ვიყენებ. ბალნისგან კარგად ვასუფთავებ, ამისათვის საჭიროა ნაცარში დამუშავება. შრომატევადია, თუმცა ნამდვილად ღირს, როდესაც შენ მიერ შექმნილ ინსტრუმენტს იყენებ დიდი სიამაყით ივსები. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა და რაც ვიცი ყველაფერი მისი დამსახურებაა. დამზადებულ გუდას ვუკეთებ ხის პატარა მილს, რომლითაც ვბერავ. გუდაში ვსვამ ლერწმებს, გუდასტვირისგან განსხვავებით პერანგში არ ვსვამთ გუდას შემდეგ კი ხის ჩასაბერებს დავუმაგრებთ და ჭიბონიც მზად არის“ – ამბობს დემურ არძენაძე.
უხსოვარი დროიდან აჭარაში, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა. დემურ არძენაძის თქმით, ტრადიცია დღემდე. ძირითადად, უცვლელადაა შემორჩენილი. წვეულებებსა და სადღესასწაულო სუფრებზე მოთხოვნადი მეჭიბონეა. მის მიერ დამზადებული ინსტრუმენტით აჭარულ კომპოზიციებს თავადვე ასრულებს. ჭიბონით დღემდე ამარაგებს ანსამბლებს, აგზავნის საზღვარგარეთ ემიგრანტებთანაც.
“ჩემი დამზადებული ჭიბონი ბევრისთვის მიჩუქნია, თუმცა ძირითადად ყიდულობენ ადგილობრივები, ემიგრანტები, ასევე ანსამბლის წევრები. ანსამბლი ამ ინსტრუმენტის გარეშე წარმოუდგენელია. როდესაც ფიქრობ, რომ საზღვრებს მიღმა აჭარაში დამზადებული ჭიბონი აჟღერდება უდიდეს სიამოვნებას მგვრის. დღემდე მომდის მადლობის წერილები, შეკვეთები, კიდევ უფრო და უფრო მეტი ინსტრუმენტი ჭირდებათ ჩემგან. ვფიქრობ, რომ წინაპრების მოლოდინი გავამართლე, არ დავუკარგე ჩვენს გვარს კარგი მეჭიბონეს სახელი.“. -ამბობს დემურ არძენაძე
დღემდე აჭარის მაღალმთიან სოფლებში რამდენიმე ადგილობრივი ჭიბონს სხვადასხვა მეთოდით ამზადებს.
ფიქრია დავლაძე