მარნეულის მუნიციპალიტეტში ქუჩები და რამდენიმე სახლი დაიტბორა
მარნეულში აღმაშენებლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩა და რამდენიმე სახლი დაიტბორა. არსებული ინფორმაციით მდინარე იაღლუჯამ დიდი რაოდენობით ტალახი გამორიყა, რის შედეგადაც სანიაღვრე არხები გაიჭედა.
როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დაზარალებული ოჯახები ყურადღების გარეშე არ დარჩნენ.
“დღეს დილის საათებში, დაახლოებით ხუთ საათზე მოხდა წყალდიდობა მარნეულის რამდენიმე ქუჩაზე. როგორც ხედავთ დატბორილია რამდენიმე სახლი, ჩვენ ექვსი საათიდან ადგილზე ვიყავით. როგორც საგანგებო სიტუაციის სამსახური ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები.
ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადგილზე არსებული პრობლემები დროულად მოგვარდეს. ეს არის პირველადი დახმარება მოსახლეობისთვის, ეს არის ადგილზე შექმნილი ვითარების შეფასება და მოსახლეობის დახმარება”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.