პრემიერმა დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ერთობლივი მექანიზმის შემუშავება დაავალა

“შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის – „იმოგზაურე საქართველოსთვის” ფარგლებში, განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება”, – საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ეკოტურიზმის მიმართულებით მზარდ ინტერესსა და იმ პოტენციალზე ისაუბრეს, რომელიც დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დამატებითი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების კუთხით არსებობს.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის მეტად განვითარებასა და შემოსავლის მიღებას როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ისე – ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება გაყიდოს და დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდეს.

ამ ეტაპზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს მიმდინარე საინვესტიციო პაკეტი, რომლის მოცულობა 80 მილიონ ლარს აღემატება. ასევე, განიხილება ახალი პროექტები, რომელთა შესახებ კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესს უახლოეს მომავალში წარედგინება. პრეზენტაციაზე როგორც საზოგადოება, ისე ბიზნესსექტორი გაეცნობა ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურის, ასევე, დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც, ერთი მხრივ, დაცულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნების დაცვასა და შენარჩუნებას. ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, პრემიერმინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მოქალაქეებს მეტ საშუალებას მისცემს, იმოგზაურონ საქართველოსთვის და, ამავდროულად, იქნება დამატებითი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები