“კორპუსში ლიფტის ჩავარდნის და დაზიანების ფაქტი პირველი არ არის”- რას ჰყვებიან ლეონიძის ქუჩის  მაცხოვრებლები 

ბათუმის ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის ფაქტი პირველი არ ყოფილა და ზოგჯერ ცარიელიც არაერთხელ ჩავარდნილა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კორპუსის მაცხოვრებლებმა განუცხადეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტის ჩაწყვეტის და დაზიანების ფაქტები ყოფილა და ამის გამო , შესაბამის სამსახურს არაერთხელ დაუკავშირდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა.

როგორც ირკვევა, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შპს ,,გლობალ ლიფტმა“ დაამონტაჟა.

,,რეგიონული კვირა“ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ლიფტის ჩავარდნის ფაქტი არ ყოფილა, ადგილი ჰქონდა მცირე დროით მის შეჩერებას. რაც შეეხება ხშირ დაზიანებებს, მათი თქმით, კონსტრუქციას სატვირთოდ იყენებენ და ეს სწორედ მოსახლეობის დაუდევრობამ გამოიწვია.

ცნობისთვის, ბათუმში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის დროს ლიფტში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი დაბადების დღის მისალოცად მეშვიდე სართულზე ავიდნენ, უკან დაბრუნებისას კი ლიფტი ჩაწყდა. ორი პირი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მათ შოკური მდგომარეობა აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის პაციენტები ბინაზე გაეწერნენ. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები