ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური“, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტ(ებ)ის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.
სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი ერთი თვის ვადაში ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ 15 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები