ილია ბეგიაშვილი: ეპიდემიის შემდეგ მუნიციპალიტეტებმა და მშენებლებმა შეძლეს პროექტების ეფექტურად გაცოცხლება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა.
როგორც მინისტრის მოადგილემ „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, ასეთი ტიპის ვიზიტები სამინისტროს მხრიდან გუბერნიებში და მუნიციპალიტეტებში პერნამენტულად ხორციელდება. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა რეგიონში არაერთი საინტერესო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
„როგორც იცით, დაფინანსების რამდენიმე წყარო არსებობს-რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების , სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების ფონდები. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი რომ ავიღოთ, მიმდინარე წელს რეგიონული ფონდიდან 15.მილიონი ლარის დაფინასება იყო გამოყოფილი. ამ თანხიდან 44 პროექტი დაფინანსდა, ყველა ეს პროექტი მიმდინარეობს და სხვადასხვა ფაზაშია”,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდმა პრაქტიკულად, 2 თვიანი პაუზა გამოიწვია, ამიტომ არსებობდა შედარებით დიდი რისკები, მაგრამ მუნიციპალიტეტებმა და მშენებლებმა მოახერხეს სამუშაოების ეფექტურად გაცოცხლება და საქმის გაგრძელება.
„ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაოების გაცოცხლება სწრაფად მოხდა, შენდება პარკები, მიმდინარეობს გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება სკოლებსა და ბაღებში, ალბათ, დამეთანხმებით, რომ თითქმის ყველა სოფელში ხდება გზების კეთილმოწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ცაგერში კარგად მიმდინარეობს სოფლის პროგრამის მხარდაჭერის პროექტები“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.