ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ზოლთან აქცია გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებთან ერთად საოკუპაციო ზოლთან სოფელ ერგნეთში, რუსი ოკუპანტების მიერ 33 წლის ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშველია ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა დაპატიმრებისა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცეცხლის გახსნის ფაქტი.
“პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აქტივისტებს, ვინც აქ მოვიდნენ. ეს არაა შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მოსახლეობას აქ, ამ პირობებში და მეორე ჩვენ უნდა მივაწვდინოთ ხმა ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ გვყავს უკვე დიდი ხანია პატიმრობაში გენადი ბესტაევი და ეხლა გვაქვს შიგნით შემოსვლისა და დაჭრის ფაქტები. ამას სულ აკეთებდა რუსეთი, ადამიანებს აწამებს, კლავს”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 7 ივლის, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოკოს კრეფვის დროს დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფეხშია დაჭრილი.