ღვანკითის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოინახულა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი ღვანკითის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ – ტარიელ კუბლაშვილსა და დეპუტატ – სოფიო ბუსკივაძესთან ერთად, სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, ასევე მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლისგან ინფორმაცია მიიღო.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 14 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სველი წერტილები მოეწყობა.
“სამუშაოები 10 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 462 ათასი ლარით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მტმ” ახორციელებს. 4 სკოლაში კი ინფრასტრუქტურული პროცესები უახლოეს მომავალში, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14-ს კი რეაბილიტაცია უტარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.