შუხევის მერმა ტშებნიცას რეგიონის მმართველთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, ტშებნიცას რეგიონის მმართველთან- მალგორჟეტა მატუსიაკთან, ტშებნიცას პოვიატას საკრებულოს თავმჯდომარე – რობერტ ადახისთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროს – კაროლ პშივარასთან და პროტოკოლის განყოფილების უფროს – ალექსანდრა მიროვსკასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ასევე, ჩართვაში მონაწილეობდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – რუსუდან შავაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა მათ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე.
შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს ტშებნიცას რეგიონის მმართველმა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელი მოაწერეს დამეგობრების შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.