“ალბათ, სამოთხე ასეთია, საოცრებაა”- შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი პირველ დამთვალიერებლებს მასპინძლობს

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი დღეიდან ვიზიტორებს მასპინძლობს. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა. როგორც დამთვალიერებლებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ადგილი, რომელიც ადრე ჭაობით იყო დაფარული, ნამდვილ წალკოტადაა ქცეული.

“საოცრებაა, წალკოტი, ალბათ, სამოთხე ასეთია, თითოეული ხე, როგორაა მოვლილი. ეს არის შედეგი რამდენიმეწლიანი შრომის, რომელიც იქნა ათასნაირად გალანძღული,  მაგრამ ადამიანმა მაინც გააკეთა ის, რაც უნდოდა ქვეყნისთვის. მილიონი მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამისთვის და არ მომბეზრდება მადლობის თქმა”,– განაცხადა ლელი გობიაშვილმა.

“ადრე აქ იყო ჭაობი და გაუვალი ადგილი, დღეს კიდევ ხედავთ, რომ წალკოტია. ნამდვილად საშვილიშვილო საქმეა გაკეთებული და ამის გამო მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ეს გააკეთა. ვურჩევ ყველას, მოვიდეს და დატკბეს ამ სილამაზით”,– განაცხადა ადგილობრივმა, თამაზ ტუღუშმა.

დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. დენდროპარკი ორ ნაწილად არის დაყოფილი: 18 ჰექტარზე საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშებია წარმოდგენილი, კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება, დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე – მცენარეა.

შთამბეჭდავია ასწლოვან ხეებთან გაშენებული ბამბუკების კორომი და ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. პარკის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათთვის ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული გარემოა შექმნილი.

პარკის ტერიტორია წლების განმავლობაში ჭაობად იყო ქცეული. ჭაობის ადგილას ბუნებრივად ჩამოყალიბდა ტბა, რომელიც ახლა დენდროლოგიური პარკის ნამდვილი მარგალიტია. თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების გვერდით, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ნამდვილად საპატიო ადგილს დაიკავებს და მალე საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა.

დენდროლოგიური პარკი სტუმრებისთვის ღიაა კვირაში ხუთი დღე, ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა, სამუშაო საათები კი სეზონების მიხედვით განისაზღვრება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე 10:00 – 18:00 საათამდე არის ღია მნახველებისთვის, ზაფხულში 09:00 – 19:00 საათამდე და ზამთრის სეზონზე 11:00 – 17:00 საათამდე. პარკის დათვალიერება უფასოა.

დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები