“ნაცმოძრაობის” წევრმა ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან შერეული ფუნქციის, გამჭვირვალე შენობის მშენებლობა გააპროტესტა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის ხიდთან შერეული ფუნქციის, გამჭვირვალე შენობის მშენებლობა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ გააპროტესტა. მისი თქმით, ქუთაისი საპარლამენტოს ნაცვლად, ფარდულების ქალაქად აქციეს.

“ქალაქის ცენტრში ფარდულის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც აჩენს ეჭვს, რომ არის კორუფციული გარიგება. კულტურულ სივრცეში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია. საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა და ეს უნდა დასრულდეს”, -განაცხადა გიგა შუშანიამ.

“ნაციონალების” ბრალდებებს სსიპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ უფროსი, რუსუდან ჩინჩალაძემ უპასუხა. მისი თქმით, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა 2017 წელს გაიყიდა, რის შემდეგ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მერიის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით კი, მისაღები ვარიანტი შეირჩა.

„2017 წლის დასაწყისში ელექტრონული აუქციონით გაიყიდა შენობა, რის შემდეგაც მოხდა დაკანონება, მომზადდა საპროექტო წინადადება. 2019 წელს კომპანიამ შემოიტანა მონახაზი, რომელიც ერთხმად დაიწუნა ძეგლთა დაცვისა სააგენტომ და ქალაქის ხელმძღვანელობამ. მძიმე ნაგებობა რომ არ მიგვეღო, შევარჩიეთ პროექტის ვიზუალი. მივიღეთ ღია ტიპის სრულიად გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც ხედვის არეალს არ გვიზღუდავს არც ოქროს ჩარდახისკენ, არც ნიკიტინის ქუჩის სკვერისკენ”,- განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები