ვაჟკაცობა ვიცი მე, ერთი-ერთზე და კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ეს არის აღიარება – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე
„ვაჟკაცობა ვიცი მე, ერთი-ერთზე და კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ეს არის აღიარება“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს.
„ჯერ ეს ერთი არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავათ გამომძიებელი და არც ვაპირებ. პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე, და ყველა რომ არ ერეოდეს, ბევრად უფრო წინ წავიდოდა ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი – ერთზე, არვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს, კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა ეს არის მონანიება. ამიტომ ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.