გზების და წყლის სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, სკოლების მშენებლობა – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც კახეთში მიმდინარე და მომდევნო წელს უნდა განხორციელდეს. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 53 000 000 ლარს შეადგენს.
როგორც “რეგიონულ კვირას” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გივი მეტრეველმა განუცხადა, რეგიონს, მიმდინარე წელს, 150 დასრულებული პროექტი შეემატება.
„კახეთის მასშტაბით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით, 53 000 000 ლარის ღირებულების 150 – მდე პროექტი ხორციელდება. ეს პროექტებია: გზების მოწესრიგება, ბაღების კეთილმოწყობა, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათებები და ა. შ. თელავში გარდა რეგიონული ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიმდინარეობს მეორე ფაზა წყალმომარაგების სისტემის დასასრულებლად. ამ ეტაპზე, ალაზნის და კავკასიონის პროსპექტზე, მრავალსართულიანი საცხოვრებლებში ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება, რაც დებეტის ზრდას გამოიწვევს და ამ ფაზის დასრულების შემდეგ თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. წელს ასევე, დასრულდება ქალაქ საგარეჯოში და წნორში წყლის სისტემების მშენებლობა, რის შემდეგაც კახეთში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, – განაცხადა მეტრეველმა.
გივი მეტრეველის თქმით, რეგიონში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი საგზაო მიმართულებით ხორციელდება.
კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში მიმდინარე წელს შიდა საუბნო გზებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სოფელი ჭაბუკიანი ონანაურის დამაკავშირებელი გზა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ღირებულებამ 194 820 ლარი შეადგინა. ასევე, სოფელ აფენსა და ფოდაანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სავარგულებამდე მისასვლელი მოიხრეშა, რომლის საერთო ღირებულებამ 67 426,38 ლარი შეადგინა.
ქალაქ გურჯაანში, ამ დროისთვის, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი, სპორტული მოედანი, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და მწვანე საფარი. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ და კულტურულ სივრცეებად დაიყოფა და საზოგადოების თავშეყრის და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების აქტიური ადგილი გახდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.5 მილიონი ლარია.
ქალაქ თელავში, პარკ ,,ნადიკვარზე“ 2020 წლის ბოლოს ახალი ფანჩატურები და ტერასები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 410 ლარია გამოიყო.
თელავს უახლოეს პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები გადაეცემა, ასევე მიმდინარეობს 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომი და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 004 517 ლარით ფინანსდება.
ქალაქ სიღნაღში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარედ თანამედროვე ტიპის საპარკინგე სივრცის მოწყობა, რომელიც 10 დიდ ავტობუსსა და 60 მსუბუქ მანქანაზე იქნება გათვლილი. პარკინგის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, გამოიყოფა პარკირებისთვის ცალკე სადგომი და სველი წერტილი. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემა, გათბობა-ვენტილაცია, შიდა და გარე განათება, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.
ახალ სასწავლო წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი საბათლო ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება სკოლის შენობაში სააღმზრდელო დაწესებულებისთვის გამოყოფილ 260 კვ/მ ფართს, რომელსაც უკეთდება იზოლირებული შესასვლელი პანდუსით და ეზო. ასევე მონტაჟდება სველი წერტილები (სანკვანძი და საშხაპე), რემონტდება საძინებელი, ექიმის კაბინეტი, სამზარეულო, საკუჭნაო და სხვა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, 4 მაისს დაიწყო და მომავალ თვეში დასრულდება. საბათლოს ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 180 406 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საბათლოს თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება ექნება, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ეს საზღვრისპირა სოფელი დღემდე ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელსაც დაარსების დღიდან საბავშვო ბაგა-ბაღი არ ჰქონია .
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ამ ეტაპზე, სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და შემოდგომიდან ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 292 292 ლარით ფინანსდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის მცხოვრებლებს სექტემბრისთვის ახალი საჯარო სკოლა ექნებათ. სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და ღირებულება 1 200 000 ლარია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 271450 ლარს შეადგენს.
მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პანდემიისა, დროებით შეჩერებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის მასშტაბით, ყოველწლიურად იზრდება როგორც განსახორცილებელი პროექტების რაოდენობა, ისე მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.