ხანი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი სოფელია, მას „იმერეთის ხევსურეთსაც“ უწოდებენ. სოფელის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 4-5 კილომეტრში მდინარე ხანისწყლის ხეობაში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი „საქუხარა“ მდებარეობს, რომელიც 25-30 მეტრი სიმაღლისაა და ზღვის დონიდან 800 მეტრზეა.
“რეგიონული კვირა” ამჯერად, იმერეთში, ხანას ჩანჩქერზე გამოგზაურებთ.
„საქუხარა“ მზის სხივებზე ფერებს იცვლის, ცისარტყელის იმიტაციას ქმნის და თვალწინ უმშვენიერესი სანახაობა იშლება..
ჩანჩქერის მახლობლად მდინარე კლდეში ჩადის და რამდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის. ამის გამო, ადგილობრივები აღნიშნულ ადგილს „ქვახვრელიად“ მოიხსენებენ.
იმისთვის, რომ ადგილი უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახსდეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტი გზის რეაბილიტაციას, მოაჯირებისა და ჩანჩქერთან მისასვლელი ხიდის მოწყობას გულისხმობს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა გოჩა ხორავამ განუცხადა, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში.
„პანდემიის პერიოდში მსოფლიოში წამოვიდა ახალი მიმართულება უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ტურისტულ ადგილებს. ჩვენ, მუნიციპალიტეტი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ჩანჩქერს და ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტს. სულ მალე იგეგმება ინფრასტრუქტული სამუშაოების ჩატარება, რათა ეს ადგილი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, მოაჯირები, მოეწყობა ჩანჩქერთან დამაკავშირებელი ხიდი. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი მალე უამრავ ვიზიტორს დაითვლის“,- ამბობს ხორავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხანის სოფელში სულ მალე ელექტრონული ბიკილი მოეწყობა, რომლის დახმარებითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მოძიება ხანზე და მის ღირშესანიშნაობებზე.
ანუკა ლიპარიშვილი