ფოთში ქსელის დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულების და ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ წყლის მიწოდება აღდგება
ქალაქ ფოთში, მშენებარე კომპანიის მიერ სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას წყლის ქსელი ავარიულად დაზიანდა. როგორც “რეგიონულ კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, საავარიო ჯგუფმა დროულად უზრუნველყო დაზიანებული მილის დახშობა, რათა არ მომხდარიყო ქალაქის ქსელში ზედაპირული წყლის შეღწევა.
მათივე ცნობით, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, ქალაქის გარკვეული ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდა.
“ამ დროისთვის, მიმდინარეობს ლაბორატორიული ანალიზების აღება და პარალელურად, ქსელის გარეცხვითი სამუშაოები. ლაბორატორიული დასკვნის და შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.