„აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ, დღეს ინდუსტრიული ჰოლდინგი „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახაბერ გულედანი ჟურნალისტებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კახაბერ გულედანის განცხადებით, COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოხდა ლოჯისტიკური შეფერხებები. “გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნეოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე, ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები, ასევე, მივლინებით ჩინეთში საჭირო გადამზადებისთვის უნდა გაგვეგზავნა ადგილობრივი კადრები. ეს მოქმედებები 2020 წლის იანვარ – თებერვალში გვქონდა დაგეგმილი თუმცა, დღევანდელ დღემდე შეჩერებულია მიმოსვლა. იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენის მხრივ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა“ – განაცხადა კახაბერ გულედანმა. პირველი პროექტი გეგმის მიხედვით, ქარხნის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.