ზუგდიდში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს დილიდან ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებული ე.წ. “ტყის ძმების” მეთაურის დავით შენგელიას შვილი, დადუ შენგელიაა. მისი ადვიკატის განმარტებით, სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებს მართლსაწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ ამოუღიათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები