ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 6 წლის მოზარდი

ფოთის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 6 წლის მოზარდი, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტებს ცხელება და ასევე სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ყველა მათგანი კლინიკის ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული.

„კლინიკაში იმყოფება 6 წლის ბიჭი და 78 წლის მამაკაცი ფოთიდან, 18 ბიჭი ლანჩხუთიდან და 61 წლის ქალი ჭალადიდიდან. პაციენტების ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში PCR კვლევისათვს. პასუხები სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი“, – განაცხადა მიგინეიშვილმა.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკას, აქ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას. ის 60 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ტრაილერის მძღოლია და მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამჟამად, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 95 პირია განთავსებული. თვითიზოლაციას კი 8 პირი გადის.

სამეგრელო-ზემო სვანეთია სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში სულ ეპიდზედამხედველობა 2095 პირზე დამყარდა.

11 ივლისის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კოვიდ19-ზე 178 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები