“ბაღებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მერიის ერთერთი პრიორიტეტია” – ზუგდიდში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
ასევე გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშო ბაღს. ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობის ნაწილი დასრულებულია. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე აქტიურ ფაზაშია, ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების ბაღი, 110 ბავშვზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღი ამბულატორიის შენობის მორე სართულზე, 2012 წლიდან ფუნქციონირებდა. ფართის სიმწირის გამო, 50-ზე მეტი ბავშვის მიღება ბაღის ადმინისტრაციას, ფიზიკურად არ შეეძლო.
მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – განმარტავს ზუგდიდის ვიცე-მერი.
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის – გიგა ფარულავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბაღების მშენებლობა ასევე რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. მისი ინფორმაციით, ხუთი ახალი ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი, მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.