სუს-ი: რუსმა ოკუპანტებმა დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

“მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები